Friday, April 20, 2012

კაროლინა როტოვსკა არის წითელთმიანი და შეშლილსახიანი ალქაჯი,
ცისფერ თვალებს რომ ავადმყოფურად აბრიალებს სულ.
ბინაში რომ შემოგვისახლეს, გამოგვეცხადა წითელი თმით, წითელი კაბითა და წითელი შლაპით.
იტალიური საერთოდ არ იცოდა, ინგლისური ჩემზე უარესად და მიუხედავად ამისა, და იმისაც, რომ თავიდან მისი ცოტათი მეშინოდა,
მოვახერხეთ და დავმეგობრდითსავით.
დავმეგობრდით იმ დღეს, სპოლეტოში რომ მარტო წავიდა და დაბრუნებულმა სამზარეულოში მომახსენა, რომ იქ გამჭვირვალეფრთებიანი მთავარანგელოზის სანახავად წავიდა და ნივთმტკიცებებად ათიოდ ბარათი და გაიდბუქი გადმომილაგა. აღტკინებისგან ხელებს ისე იქნევდა, სულ აღარ გამკვირვებია მისი ხარების სიუჟეტები, გაოგნებული იმას ვფიქრობდი, ღმერთო, ეს მომაშორე, მაცალოს ჭამა მეთქი.
ხანდახან ენაში ვამეცადინებდი და უხაროდა, ის თავის ლეპტოპს მითმობდა ხოლმე და მეც მიხაროდა.
პოეზიასა და მუსიკაზე მელაპარაკებოდა. იმ ლექსებზე, რომელიც მის პოეტ მეგობარს, პიოტრს უყვარდა: "პიოტრს უყვარს უნგარეტი და მიუხედავად იმისა, რომ იტალიური არ იცის, ხშირად უსმენს ორიგინალში, რომ უკეთ იგრძნოს", უნდა ვუყიდოო, -ამბობდა. კიდევ ლორკა უყვარსო და პირველად იტალიაში რომ ჩამოვედით, სპოლეტოს მთავარ მოედანზე ზურგჩანთა გახსნა და ფორთოხლები მაჩუქაო. ძალიან უყვარდა ფორთოხლების ამბის მოყოლა, სულ სახე უნათდებოდა: ცოლად არა მგონია, შემირთოს, მაგრამ ის ფორთოხლები კარგად გამოუვიდაო.
მერე მისი და პიოტრის იტალიური ფოტოები მანახა და მხოლოდ სურათების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სულ არ ყოფილა კაროლინა შეშლილი და ულამაზო.
ტიპი იყო რა,
ჩემ მეგობარ უკრაინელ დიმას ყოველ მოსვლაზე ამ სიმღერას ურთავდა და ხმას მთელი ძალით აყოლებდა
http://www.youtube.com/watch?v=Zxj9tZCqyU8
ისიც ყოველ ჯერზე გაოგნებული სახით უყურებდა და თვალებით მეხვეწებოდა, ეს აქედან მომაშორეო.
მე მესმოდა დიმასი.

Sunday, January 8, 2012

ჯადოქრობა ზამთრის ღამეებში და მაკნატუნას საშობაო ზღაპარი

წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთის ისეთ სუსხიან ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, რა სევდის მომგვრელი იქნებოდა ზამთრის გრძელი ღამეებისა და ნაცრისფერი დღეების გატანა, რომ არა შობის დღესასწაული. აბა, სხვა რომელი დღის დასახვედრად რთავენ ყველაზე გულმოდგინედ სახლებს, ქუჩებსა და ნაძვის ხეებს, ანდა, კიდევ როდის აცხობენ ისეთ გემრიელ საშობაო ნამცხვარს, როგორიც ბაუმქუხენია?! მიუხედავად ყინვებისა, შობა–ახალი წლის დღეებში, ისეთ ცივ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, ვერაფრით მოიწყენ, რადგან დეკემბრის თვის ცივი საღამოების გადასაგორებლად ათასგვარი თავშესაქცევი არსებობს. ე.წ. „ზამთრის ნაწარმოებები“ მხატვრულ ლიტერატურაში მრავლადაა, თუნდაც, შექსპირის შობის მეთორმეტე ღამე, ანდა დიკენსის საშობაო სიმღერა რად ღირს, თუმცა, გერმანელი ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მაკნატუნა ალბათ მაინც ყველაზე გამორჩეული და ჯადოსნური საშობაო ზღაპარია. ესაა ორი საუკუნის წინ დაწერილი ამბავი კაკლის სატეხ უშნო თოჯინაზე, რომელსაც ნათლია დროსელმაიერი მარის– მის პატარა ნათლულს საშობაოდ ჩუქნის. გოგონას მთელი გულით უყვარდება სათამაშო, ღამით მარი თოჯინას თაგვების მეფის დამარცხებაში ეხმარება, რის შედეგადაც, მაკნატუნას ჯადო მოეხსნება და ის მომხიბვლელ უფლისწულად იქცევა. ამ ამბავს უამრავი ინტერპრეტაცია გააჩნია: ორიგინალური ვერსია – ჰოფმანისეული პირქუში მაკნატუნა, რომელშიც მისტიკა და ჯადოქრობაა იმ დოზითაა, რომ ისევე როგორც ძმები გრიმების ზღაპრების გაცნობისას, მისი კითხვისასაც, ცოტა არ იყოს და, შიში გიტანს, ალექსანდრე დიუმა– მამამ კეთილ, სადღესასწაულო წიგნად აქცია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი რუსეთის იმპერატორის კარზე მოღვაწე, კლასიკური ბალეტის ისტორიის ერთ–ერთმა ყველაზე ლეგენდარულმა ფრანგმა ქორეოგრაფმა– მარიუს პეტიპამ ამ ზღაპრის დიუმასეული ინტერპრეტაციის მიხედვით ორ მოქმედებიანი ბალეტის დადგმა გადაწყვიტა. ქორეოგრაფის ჩანაფიქრის მიხედვით, იმპერატორ ალექსანდრე მესამისთვის შექმნილი ბალეტი აუცილებლად თავშესაქცევი, დივერტისმენტებით უხვად გაჯერებული, მხიარული სპექტაკლი უნდა ყოფილიყო. პეტიპამ სადღესასწაულო მელოდიების შექმნა პიოტრ ჩაიკოვსკის დაავალა. თუმცა, ქორეოგრაფის სურვილის მიუხედავად, მაკნატუნას ულამაზესი მუსიკა, განსაკუთრებით ფინალი, ტრაგიზმითაა გაჯერებული და ეს ნაღველი როგორც ამბობენ, კომპოზიტორის მიერ მტკივნეულად განცდილ ბავშობასთან გამოთხოვების სევდას უკავშირდება. დასაჯერებლად რთულია, მაგრამ დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი და საყვარელი მელოდიები „ყვავილების ვალსი“, თუ „შაქარყინულის ცეკვა“, ყველგან რომ მოკრავ ყურს, რადიო–ტელევიზიით, თუ ქუჩაში – ტელეფონის ზარად გაჟღერებულს, კომპოზიტორს თავის დროზე არ მოუწონეს: 1982 წელს, პეტერბურგის თეატრ მარინსკიში გამართული მაკნატუნას საპრემიერო ჩვენება კრახით დასრულდა.
სპექტაკლის პირველმა წარუმატებლობამ დიდხანს არ გასტანა. მას შემდეგ ეს ბალეტი მსოფლიოს ყველა პრესტიჟული თეატრის სცენაზე, სხვადასხვა ქორეოგრაფიით დაიდგა. ამ ზღაპრით სხვადასხვა დროს ლოპუხოვი, ვაიონენი, ბალანჩინი თუ ნოიმაიერი დაინტერესდნენ. სიუჟეტის ათასგვარი ინტერპრეტაციის მიუხედავად, მაკნატუნა დღეს ბავშვების ყველაზე საყვარელი საბალეტო წარმოდგენაა, რომელსაც გულგრილად ვერც უფროსები ადევნებენ თვალს. არსებობს განსხვავებული, არც თუ საბავშო ვერსიაც: ამ ბალეტის ჰოფმანისეული პირქუში და ფანტასმაგორიებით გაჯერებული სახით დადგმა პირველად რუდოლფ ნურიევმა გაბედა. ჯერ ბერლინში და შემდეგ პარიზის ლეგენდარული ოპერა გარნიეს სცენაზე. პარიზულ სპექტაკლში ჰოფმანის მარის კლარა ჰქვია (ისევე როგორც თანამედროვე მულტფილმებში) გვარადაც არა შტალბაუმი, არამედ სილბერჰაუზია და სულაც არ არის დიუმა–პეტიპას მარისავით უდარდელი გოგონა, პირიქით, პირქუშ გარემოში ცხოვრობს, კოშმარები ესიზმრება და სასიყვარულო განცდები ტანჯავს. ცნობილია, რომ თავად ჰოფმანი ოკულტიზმით იყო გატაცებული და გარდა იმისა, რომ გერმანული რომანტიზმის ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა, გარკვეულწილად, ფანტასტიკის ჟანრის მწერლადაც გვევლინება. ლიტერატრურის კრიტიკოსების აზრით, თავს დროზე, სწორედ მისი ნაწარმოებების გავლენა განიცადეს ისეთმა დიდმა კლასიკოსებმა, როგორებიც ედგარ ალან პო, ონორე დე ბალზაკი, გოგოლი და დოსტოევსკი არიან. ასე რომ, ნურიევის საშინელებათა განცდებითა და მისტიკურობით გაჯერებული ეს ქორეოგრაფია ზღაპრის ორიგინალურ ვერსიასთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, ბავშვებისთვის მაკნატუნა დღემდე დიუმას მიერ ადაპტირებულ, ჯადოსნურ, კეთილ ზღაპრად რჩება. დღეს თითქმის ვერ ნახავთ დიდ საბალეტო სცენას, სადაც საშობაოდ მაკნატუნას არ ცეკვავენ. ცეკვავენ ჩვენთანაც და შესაბამისად, ეს ბალეტი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოც გულით შეიყვარეს და არა მხოლოდ ობიექტური მიზეზებით. სუბიექტურად და გამორჩეულად იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ჩაიკოვსკიმ თბილისში, მის უსაყვარლეს ქალაქში ყოფნისას დაწერა მაკნატუნას მუსიკის ნაწილი. მეტიც, ერთ–ერთი ნაწყვეტი, რომელსაც შემდგომში არაბული ცეკვა უწოდეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოში მოსმენილი ქართლ–კახური იავნანა. მართალია, თავის დროზე დედაქალაქელები განაწყენებულან კიდეც ქართული ნანას არაბული სახელის გამო, მაგრამ, დღემდე თბილისის თეატრში, სცენაზე არაბული (გრიგოროვიჩის ვერსიაში–ინდური) თოჯინების გამოსვლისას და ამ მელოდიის გაჟღერებისთანავე, დარბაზში მსხდომი მაყურებელი უჩვეულოდ ირინდება ხოლმე. არა და, თბილისელ მაყურებელს გარინდება დიდად არ უყვარს. უფრო ცეცხლოვანი რეპერტუარი და თავბრუდამხვევი საბალეტო ტრიუკები იზიდავს. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დარბაზში საშობაო „მაკნატუნაზე“ იშვიათად თუ ნახავთ თავისუფალ ადგილს. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა: თბილისის თეატრის რეპერტუარში ხომ ამ ბალეტის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული– გრიგოროვიჩის მიერ მოსკოვის ბოლშოისთვის დადგმული ვერსია გვაქვს, რომლის სცენოგრაფიისა და კოსტუმების ავტორი, თეატრის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარი სოლიკო ვირსალაძეა. მაკნატუნა საქართველოში, 90 წლების ბნელ და გაყინულ თბილისში თავად გრიგოროვიჩმა ჩამოიტანა და ამგვარად, თავისი დიდი ქართველი მეგობრისა და პარტნიორის– სოლიკო ვირსალაძის ხსოვნასა და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიაგო პატივი. ვირსალაძე სხვადასხვა დროს კინოს მხატვრობაზეც მუშაობდა და თეატრშიც არა მარტო ქორეოგრაფიული სპექტაკლები აქვს გაფორმებული, მაგრამ კლასიკური ბალეტი მისი მაინც ყველზე დიდი გატაცება იყო. ბავშობაში დადიოდა კიდეც თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და შესაბამისად, ძალიან კარგად იცნობდა ცეკვის ხელოვნებას. ვირსალაძე– გრიგოროვიჩის მაკნატუნა მოსკოვის დიდ თეატრში რეკორდული დროის განმავლობაში– 1966 წლიდან დღემდე, პირვანდელი სახით, უცვლელად გადის. ამბობენ, რომ ამ დადგმის წარმატებაში ლომის წილი სწორედაც რომ სოლიკოს და მის სცენოგრაფიას მიუძღვის. მის მაკნატუნაში ყველაფერი მართლაც ჯადოსნურია: ნათლია დროსელმაიერის ჯოხი და დიდცხვირა ნიღაბი, ჰაერში გამოკიდებული ნავი, ნაძვის ხის სათამაშოები და შტალბაუმების სახლის კედლებზე ჩამოკიდებული პორტრეტებიც კი სოლიკოსთვის დამახასიათებელი იუმორით და პეწითაა შესრულებული. ამ სპექტაკლში მაყურებლის, განსაკუთრებით, ქართველების ყურადღებას კიდევ ერთი დეტალი იპყრობს: მარის გრძელნაწნავებიანი და ვერცხლისფერკაბიანი ინდური თოჯინა ჩაცმულობითა და იერით იმდენად ჩამოჰგავს ქართველს, რომ როგორც კი გაცოცხლებული სათამაშო ქართული იავნანას ფონზე იწყებს ცეკვას, სულ გავიწყდება მისი არაბულ–ინდური წარმომავლობა. შობა ქვეყნად ყველაზე ლამაზი დღესასწაულია და მერე რა, რომ ამ ღამით ჩრდილოეთის ქვეყნების მოღუშულ ცაზე შობის მახარებელი ვარსკვლავი ხშირად სულაც არა ჩანს, პატარებმა კარგად იციან, რომ ამ დროს ყოველთვის რაღაც უჩვეულო ხდება: ორასი წლის წინაც ხომ სწორედ შობა ღამით იქცა უფლისწულად უშნო კაკლის სატეხი თოჯინა –მაკნატუნა.