Wednesday, May 25, 2011

Istanbul

ახალგაზრდა, რომელსაც სახელი რომელიღაცა სულთნის საპატივცემულოდ დაარქვეს
– ჰოპ ჰოპ აე აეეე
ჩვენი მძღოლი თავს აქიცინებდა და თან სიმღერას ხმას აყოლებდა.
ასე დასრულდა ჩემი სტამბული: მანქანაში ჩართული ქურთული სიმღერა მიმაცილებდა სულთანაჰმედი– გოკჩენის აეროპორტის ალაგ–ალაგ საცობებიან და გაწელილ გზაზე. ვუყურებდი ამ ბიჭს და ვფიქრობდი, რამდენს დავკარგავდით სასტუმროს ძვირადღირებული ტრანსფერით რომ არ გვესარგებლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ დავბრუნებულიყავით აეროპორტში: ეს იყო ლამაზი, მოწესრიგებული და როგორც საკუთარ თავს უწოდებდა "მოგიჟო და პროფესიონალი" მძღოლი, რომელიღაცა სულთნის სახელით, რომელმაც ჯერ ტკბილეული გვაჩუქა, მერე თურქეთის ეკონომიკა მიმოიხილა ენის მწირი ცოდნის ფარგლებში და რომ მიგვიყვანა განგვიცხადა: 65კმ 22 წუთში გამოგატარეთ, ზოგადად, 15 წუთში გავდივარო. ჩამოგვსხა თუ არა, იმ სისწრაფით დაძრა და გააქანა მანქანა ზედ აეროპორტის პარკინგზე, რომ დავუჯერეთ.
დამცავ ღვედს რატომ არ ხმარობ მეთქი და აღშფოთებულმა განმიცხადა: ოო, აი დონ'თ ლაიქ! – თუ გამაჩერეს, ოც ლირას ვიხდი და პოლიციაც კმაყოფილია და მეცო.
სტამბოლი ყოველთვის იყო სახლივით მშობლიური, როგორც იმ ბოლო საღამოს, როდესაც ამ სიმღერის გაგონება ისე გამიხარდა, გეგონება, ძველი თბილისის ქურთულ ქორწილებში კაბა მქონოდა სულ ნაფრიალები.
ჰო, კიდევ მთავარი: თურქები თბილისს ტიფლისს ეძახიან...
თუმცა, მანამდე...

სტამბოლის ბაზარი
გაბაწრული მონები
ჩაუცმელი დედოფლები

თავდაპირველად,
ბავშობაში ეს იყო საზარელი, უსაშველოდ დიდი და ზღვიანი ქალაქი, სადაც გასაყიდად მიჰყავდათ, ანდა სულაც ერთი ხელი ტანსაცმლის საფასურად უტოვებნენ ქართველი დედოფლები ყმებს იქაურ მონებით მოვაჭრეებს.
ეს ამბავი თენგიზ გრიგოლიამ, ისტორიის მასწავლებელმა მოგვიყვა მეცხრეკლასელებს და მაშინვე დავფიქრდი, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ლიხსიქითა ქართველი დედოფალი?! ალბათ, უშნო და ულვაშებიანი (არასდროს მჯეროდა ლეგენდების ულამაზეს კეთილშობილ ქალბატონებზე), რომელსაც ღრმად სწამდა, რომ ნაირფერი ჩითითა და აბრეშუმით მთლად თვალს დასთხრიდა მაზლისცოლებს, ვეზირთა ცოლებს, კახთა დედოფალს და ვანიდან ჩამოსულ სომეხ ქალბატონებს. მოსჭრა თუ არა გაყიდული მონების საფასურად შენაძენმა ზიზილ–პიპილოებმა დედოფლის კარს თვალი, ეს ბატონ თენგიზს არც უთქვამს და სავარაუდოდ, არც მემატიანეს გამოუდია თავი ულვაშა ქაბატოს კატალოგის აღწერით. მაგრამ ფაქტია, რომ ქართველმა ყმებმა გარკვეული კვალი დაამჩნიეს ისტანბულის დემოგრაფიას. ყოველი შემთხვევისთვის, მე ვინც კი ოდნავ ღია ფერის თურქი მინახავს, ყველას ვკითხე: შენ რაიმე ქართველის ხომ არ გცხია მეთქი. თუმცა, ამ შეკითხვას ოდენ ევროპაში გაცნობილ თურქებს ვუსვამდი, რადგან ადგილზე სახელი გურჯისტანის ხსენება, ზოგადად, არ ღირს (სტამბოლში ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ მითი: „რუს და ზოგადად, სლავ ქალებს ქართველი მამაკაცები უყვართ“,– ტყუილია, რადგან თუ ოდნავ ნორმალური ხარ, შეუძლებელია მოგეწონოს მამრი, რომელსაც ერთი უბრალო გეოგრაფიული სახელის ხსენებისთანავე ერექცია ეწყება.
ამ კითხვა–კითხვაში, ქართული სისხლის თურქი მართლაც აღმოვაჩინე, ოღონდ მთლად შავი და ცხვირმოღრეცილი. გაცნობიდან დიდი ხნის მერე გამანდო მამაჩემი ლაზიაო, ტრაბზონის მხარიდან ვართო. ამ აღიარებითი ჩვენების მერე ყოველთვის ძალიან აღმოსავლურ წერილებს მწერს ხოლმე, რომლებიც იწყება სიტყვებით: „გამარჯობა, დაო ჩემო...“.

კონსტანტინოპოლი,
ჩემი

მერე აღმოვაჩნე კონსტანტინოპოლი
და მივხვდი, რომ თავდაპირველად იყო კონსტანტინოპოლი, იმდენად იყო, რომ ბიზანტიამცეც კონსტანტინოპოლი იყო, მას მერეც, და ახლაც კონსტანტინოპოლია.
კონსტანტინოპოლი იყო უშველებელი, ზღვიანი და გალავნიანი ქალაქი, სადაც ისევე როგორც დღეს, ირეოდნენ ბერძნები, სომხები, ქართველები და სპარსები. კარის პოეტები ხოტბას ასხამდნენ კომნენოსების სასახლის კედლის მოზაიკის ჰეროიკულ სცენებს. სამეფო დინასტიები ერთმანეთს ეცილებოდნენ ტაძრების მშენებლობასა და მათი მოოქროვილი მოზაიკებით მოპირკეთებაში. დასავლელი თეოლოგები ლანძღავდნენ აღმოსავლელებს, აღმოსავლელები წყევლას უთვლიდნენ ერეტიკოსსა და ეშმაკის მოციქულ პაპს და იყო ლხინი და სიმშვიდე ამ ქალაქში.
რომ გაუჭირდათ, ჩვენ, აბა, აქ რისთვის ვართო და ჯერ იყო და რომის პაპმა გაამაგრა აია სოფია. პაპს ეგრე არ უნდაო და იარაღის ტრიალით შეეჭრნენ პონტიპიკოსის ამალას ტაძარში ვენეციელები და ძალის გამოყენებით გამოიტაცეს თეოტოკოსის სასწაულმოქმედი ხატი – ნიკოპეა. დამიბრუნეთ– შეგაჩვენებთო. ვენეციელებმა– შეაჩვენე ბებიაშენიო და შედეგად, დღესაც თავს იწონებს სან მარკოს ჩრდილოეთ კაპელაში ეს გულისტკივილამდე პატარა და ლოყაწითელა ღვთისმშობელი, ჩემი უსაყვარლესი მადონნა ნიკოპეა. იტალიელებმა, ამგვარად, ნელ–ნელა გაზიდეს მთელი მოძრავი კონსტანტინოპოლი: გაძარცვული პანტოკრატორის იკონოსტაზის მინანქრები ჩაადუღეს ერთმანეს: მიჭრეს, მოჭრეს, ორ ოსტატს ააკინძინეს (ამ ორი ოსტატიდან ერთერთი ცხადად ჭკუასუსტი იყო) მინანქრის მომცრო ხატები და წმინდა მარკოზის საფლავზე დადგეს ე.წ. „პალა დ’ორო“, რომლის ნახვაც დღეს 2 ევრო ღირს. ამდენივე უნდა ღირდეს „სან მარკოს განძის“ ხილვაც, სადაც გამოფენილია ოქროს ფეშხუმ–ბარძიმები, მინანქრის ხატები და თითქმის ყველა სახის სარიტუალო თუ საერო ნივთებისაგან შემდგარი განძი.
გამოვტყდები და ამ კონსტანტინოპოლს ვეძებდი ყველაზე მეტად. დილაობით– როდესაც გავყურებდი სასტუმროდან პანორამულ ხედს მინდოდა, როგორმე მომეშთო ეს მახინჯი შენობები იქაურობიდან, გამექრო და აღმედგინა კონსტანტინოპოლის რუკა, გამოცდაზე რომ ვერ ვიცანი და მერე რომ სამუდამოდ დამამახსოვრდა. "თბილისს უფრო ეშველება, ვიდრე აქაურობას", – ვფიქრობდი და მახსენდებოდა მარგალიტები და ღორები. მერე მახსენდებოდა ჩემი თურქი მეგობრები და სინდისმა მქეჯნა, რომ ამ ბარაკების აღმშენებელი ღორები შესაძლოა, მათი პირდაპირი წინაპრებიც კი ყოფილიყვნენ და განცდის მიუხედავად, ეს სიტყვები თავიდან ვერ ამოვიგდე.
სწორედ ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, სულთანაჰმედზე, ერთ–ერთი მაღაზიაში რომ შევხეტიალდი და მოულოდნელად მომესმა, რომ თურქმა გამყიდველმა გოგონამ ბერძნებს, რომლებმაც მათთან სუვენირები იყიდეს, მადლობა ბერძნულად გადაუხადა:
– ევხარისტო, – უთხრა
ბერძნებმა რატომღაც არ გაიკვირვეს და რატომღაც გული ისევ მე მეტკინა. ალბათ იმის გამო, რომ თურქი გოგონას ბერძნული მადლობა ბოდიშის თქმად მომესმა. სინამდვილეში ხომ ეს ძალიან კარგი გოგონა იყო, რომლის ბრალი სულაც არაა, რომ ისტანბულში დღეს ბერძნული ასე იშვიათად ისმის.
დღეს რომ ვუფიქრდები, ამგვარი მოსაზრებით და ფაქტის გლობალურ–ისტორიულ კონტექსტში აღქმით, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ იმ სულელ თავს ვიტუქსავდი, რომელსაც არც თუ ბევრი ჰქონდა გაგონილი თანამედროვე მარკეტინგულ ხერხებზე.ვაჭრობა ხომ ასე კარგად ეხერხებათ თურქებს.

3 comments:

  1. ლოლ რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ჩვენი ნეჯადი კაცის ჩემი იდეალია :დდ :) თან როგორ ჟღერს, მუჰამად ნეჯად ))))

    გახსოვს რომ მოგიყევი, მეჩეთთან (ჩვენი ქუჩის გვერდზე რომ იყო) შემთხვევით რომ აღმოვჩნდი და მლოცველებს ვუყურებდი მეთქი და ისინიც რომ თვალს არ მაშორებდნენ. დღეს რაღაც წიგნში წავიკითხე, რომ მუსლიმი მლოცველის ყურება არაფრით არ შეიძლება, აღარ ჩაეთვლება :დდ მოვკვდი, იმდენი ვიცინე ))) თან რომ არაფერი მითხრეს :)))

    გოგო რას გადაეკიდე ამ ბერძნებს, უკვე ცხრა საუკუნე მიილევა რაც ოსმალები შევიდნენ ამ ქალაქში.. და ბიზანტიელებამდე კიდევ ხეთების მიწა ყოფილა მანდ, ჩვენი წინაპრების ) ბიზანტიის მთელი ისტორია გამყიდველების, უჯიშოების და უკულტუროების ისტორიაა, მაგათ კიდე სელჩუკების მოდგმა ჯობია :დ

    ReplyDelete
  2. შე ეშმაკის მოციქულო და ტარტაროზის მიგზავნილო, შეურყვენი ხალხს ისლამი? :დდდდდდდდ
    მეც მიყვარს ნეჯადი. რა კარგია, რომ გახსოვდა სახელი:))
    ბოლო წინადადება ისე დაწერე რომ ის იყო და უნდა მეკითხა– ჰაიეეს( სოხ. სომეხი ხარ?) :დდდდ

    ReplyDelete
  3. არა, სომხები გიჟდებოდნენ ბიზანტიაზე :დ

    ReplyDelete