Saturday, June 26, 2010

ძაღლი Made in Tiflis

თბილისში ერთადერთ სულიერს ვცნობ ჭეშმარიტ მოქალაქედ!
იმ დღეს შემთხვევით შემხვდა ქუჩაში: შუქნიშნისკენ მივდიოდი, ის გაჩერებასთან იყო ჩამომდგარი. ჯერ ამხედ–ჩამხედა, რომ დარწმუნდა, ღილაკს თითი მივაჭირე, გადასასვლელიკენ წამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წითელზე ზასაობა–ზასაობაში გადაიყვანა ერთმა ბიჭმა თავისი მოკლეკაბიანი გოგო, ძვრა არ უქნია, მორჩილად დაელოდა მწვანე შუქს და აინთო თუ არა, ჩემთან ერთად გადმოცუნცულდა გზაზე.
ვინ იყო და, ძაღლი
დალტონიკი ეძახე შენ და ჩვეულებრივი, უპატრონო ქუჩის ძაღლი!
თვითნასწავლი და ასეთი დონის ორი ვიცი: ეგ სულიერი არსება (ცხოველად მისი მოხსენება მეუხერხულება) და ფიროსმანი!
მას მერე გული მომიბრუნდა თბილისსზე, სხვა თუ არაფერი, ამ ქალაქში ერთი ამისთანა ძაღლი დადის!

თბილისური სპექტაკლი და მოგონებები ლა სკალაზე

იტალიაში ორწლიანი ცხოვრების დასასრულს, საქართველოში დაბრუნებამდე ერთი კვირით ადრე, გამიმართლა და ლა სკალაში მოვხვდი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა ორი საათის დაწყებული იყო, ძლივს რომ მივუსწარი მეორე იარუსის გვერდითა ლოჟის ორ ადგილს.
"ანტეპრიმა ახალგაზრდებისთვის" – ეს არის პრემიერამდელი სპექტაკლი 30 წლამდე ასაკის ხალხისთვის, რომელზეც ნებისმიერი ბილეთი 10 ევრო ღირს და ყველას შეუძლია მოხვედრა, განურჩევლად ეროვნებისა ( ბევრი ევროპული მუზეუმისგან განსხვავებით, სადაც ფასდაკლება არაევროპელებზე მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გულის ადამიანი შეგხვდება სალაროში ).
ზოგადად, ლა სკალას მმართველი აშკარად კარგი მენეჯერია, რადგან ძალიან ზურნავს ახალგაზრდების თეატრში მიყვანაზე. გარდა იმისა, რომ ამგვარ ანტეპრიმებზე ბილეთები 3 საათში იყიდება, გენერალურ რეპეტიციებზე დასწრება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უფასოა. ამ დროს თეატრში, რა თქმა უნდა, განსაზღვრული რაოდენობით უშვებენ ხალხს: 300–400 ადამიანს, იმდენს, რამდენსაც იარუსები დაიტევს, მაგრამ ფაქტი თავისთავად მისასალმებელია. პრემიერამდე ასევე ეწყობა ღია კონფერენციები, სადაც უბრალო მელო თუ ბალეტომანებთან ერთად განიხილავენ სადადგმო, სარეჟისორო თუ ნებისმიერ პრობლემას და ანგარიშს აბარებენ მაყურებელს.
ლა სკალაში იციან, რომ მაყურებელი თეატრის ორგანული და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მისთვის იმართება საღამოები და სწორედ ის წყვეტს ნებისმიერი დადგმის ბედს, მას გამოაქვს განაჩენი. შესაბამისად, ამ თეატრში ყოველი დეტალი მასთან ერთად განიხილება. თანაც, მოდი და, ნუ დაეკითხები აზრს ადამიანსებს, რომლებიც სპექტაკლებზე კლავირით ხელში მოდიან და არც ერთ ყალბ ნოტს, უსუფთაო პას არ გაპატიებენ.
– "ახალგაზრდობაში "ქანდარის" იქით ვერ მივდიოდი და იქაც ფეხზე ვიდექი, სწორედ ამ დროს მოვისმინე კალასი და სიმონიატო, ნურიევი და პლისეცკაიაც ცოცხლად მინახავს, ეს ერთადერთია, რის გამოც ჩემს ასაკს არ მივტირიო, – მითხრა ერთმა მილანელმა თეატრალურ ფორუმზე, ყოველთვის კრიტიკოსი რომ მეგონა და "ჩვეულებრივი" მაყურებელი რომ აღმოჩნდა. – ვიცი, იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან, ძალიან ბევრს ვკითხულობდიო, – დასძინა. ეს ადამიანი დღეს პენსიონერია და იმდენი შემოსავალიც აქვს, რომ თავს ნება მისცეს, ერთ დღეს ლონდონში გაფრინდეს სპექტაკლის საყურებლად, მეორე დღეს კი ნიუ იორკში. აი, ხარისხის როგორი ინდიკატორები ჰყავთ წამყვან თეატრებში. მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი,
მთავარი არის მაყურებლის დამოკიდებულება სპექტაკლისადმი: მილანში იციან, რომ მუსიკას მოსმენა უნდა, ტაშს დამსახურება, ისიც იციან, რომ დაწყებულ სპექტაკლზე დარბაზში შესვლა აკრძალულია და ამის გამო ჩხუბს არ აუტეხენ კაპელდინერებს.
მიმიხვდით, ხომ, საით მივდივარ?! საით და იმ სპექტაკლისკენ, რომელიც ორი კვირის მერე თბილისში ვნახე და რომელიც ძალიან ჰგავდა ყველა იმ წარმოდგენას, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქში მინახავს!
დამეთანხმებით, არ არის აუცილებელი კოვენტ გარდენსა და ოპერა გარნიეში უყურებდე სპექტაკლებს, რომ თუ არ გსმენია ამ წესების შესახებ, შენივე ბილეთის უკანა მხარეზე დატანებულ წარწერას მაინც დახედო და მიხვდე, რომ: სპექტაკლის მსვლელობის დროს უნდა გამორთო მობილური ტელეფონები და აკრძალულია ვიდეო და ფოტო გადაღება!
სამწუხაროდ, ბილეთები არც თუ ისე დიდი ზომისაა, თორემ თეატრს ნამდვილად შევთავაზებდი შემდეგი პუნქტების დატანებასაც:
1. უადგილოდ ტაშის დაკვრა არის უზრდელობა და სპექტაკლის მსვლელობას უშლის ხელს!
აქვე განგიმარტავთ, თუ რას ვგულისხმობ და მაგალითებსაც ხზენებული თბილისური სპექტაკლიდან მოგიყვანთ: მშვენიერი გალა–კონცერტი ჩატარდა რუსთაველის თეატრში სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი, რომ იდეალური, მაგრამ იმ საღამოს სცენაზე მდგომი ხალხი გაცილებით სჯობდა დარბაზში მსხდომს. აბა, ამიხსენით, თუ რატომ უნდა დაჰქუხო ტაში შუა ადაჯოს ცეკვისას, როდესაც არც მუსიკა გაძლევს ამის საშუალებას და არც მოცეკვავე მამაკაცის არაეფექტური ნახტომი?!
2. სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე აკრძალულია ლაპარაკი ნებისმიერ თემაზე: იქნება ეს პირადი პრობლემების განხილვა, თუ სცენაზე მდგომი მსახიობების ოჯახური მდგომარეობისა და ამბების გარკვევა!
მეტი რაღა ვთქვა, მიმიხვდებოდით, რომ მსახიობების ყველასი ყველაფერი ვიცი, იმდენად ყველაფერი, რომ თითოეული უკვე საკუთარი ოჯახის წევრი მგონია! არა და გაყრა–დაქორწინებები ჩემს საახლობლოშიც თავზე საყრელადაა და დამასვენეთ იმ ორ საათს! ძვირფასებო, ამის მოსმენას, განა არ სჯობს, ვერდისა და ჩაიკოვსკის მოვუსმინოთ?!
3. სმა–ჭამა–წამლების დალევა, ასევე: ჩანთაში საჭმელ–სასმელის, მედიკამენტების და სხვა ნივთების ხანგრძლივად ძებნა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი პირველადი დახმარების ნივთები, თუ პროდუქტები ცელოფნის ერთჯერად პარკებში გაქვს გახვეული!

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვეღარც კი ვხვდები, ლაპარაკის მოსმენა მირჩევნია, თუ ღეჭვა–ჭრაჭუნის! თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ ორივე მძაგს!

4. სპექტაკლზე არ დაიშვებიან მსახიობების იმ ტიპის ახლობლები, ნაცნობები და ნათესავები, რომლებიც თავს ვერ იკავებენ, და უადგილოდ ავლენენ თავიანთ ნათესაურ, მეგობრულ, თუ ინტიმურ კავშირებს!
სახელს არ ვიტყვი და ოპერის თეატრში ერთ–ერთი გამორჩეული მომღერალია. იმ დღეს ხმაზე ვერ იყო, თუ ხასიათზე, ვერ გეტყვით, მაგრამ ძლივს ჩაათავა და ხრინწები ამოაყოლა არიას. ტაშსა და ბრავოს ვინ ჩივის, რომ წამოხტნენ მასთან გაურკვეველი კავშირების მქონე ადამიანები, იმდენი უძახეს ბის, ბიისო, რომ ადგა და გაიმეორა ეს ავადსახსენებელი ნაწყვეტი, უარესად, რა თქმა უნდა. დირიჟორს ნიშანი რომ მისცა, კიდევ ერთხელ დამიკარითო, მაესტრომ ჯოხი ისე მოიქნია, ლამის სცენისკენ გაუქანა ამ ჩვენს სახალხო არტისტს.
იტალელები რომ ტემპერამენტული ხალხია, ამაში ეჭვი ჯერ არავის შეპარვია, მაგრამ აბა, მიდით და ნებისმიერ თეატრში ნახეთ, თუ ხდება მსგავსი რამ. ნებისმიერს იმიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ლა სკალას მაგალითის მოყოლა უხერხულიც კია, რადგან, მე იმ საღამოს სამი ერთ აქტიანი ბალეტი ვნახე და ზუსტად სამჯერ გავიგონე ტაში, რადგან მილანელებისთვის, მუსიკის გაწყვეტა და დირიჟორისთვის ხელის შეშლა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, იმ ჩიტივითაა, ბრდღვნად რომ უნდა ღირდეს! ბრავოც ალაგ–ალაგ, ერთმა–ორმა კაცმა თუ იყვირა, ისიც სუსტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ადგილობრივი ახალგაზრდა სოლისტები ნამდვილად იმსახურებდნენ ამას. მილანელთა აზრით კი დაიმსახურეს ტაში, – თუმცა ლა სკალაში ტაში დაგიკრან, უბრალო საქმე როდია, ნუ იფიქრებთ, რომ იქ ტაშს ვინმე ტყუილუბრალოდ გაიმეტებს.

არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა ასწავლო იმ ადამიანებს, რომელსაც კარგი მაყურებლობა საკუთარი ცოდნისა თუ მოპოვებული ინფორმაციის სპექტაკლის მსვლელობის დროს ხმამაღლა გამხელა ჰგონია, მაგრამ ხომ შეიძლება, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მაინც ვასწავლოთ ეს ყველაფერი?! სწავლებამდე კი ხელშეწყობაა საჭირო, მუდამ გადავსებული ლა სკალა თუ ზრუნავს ახალგაზრდა მაყურებლის გამოზრდაზე, თბილისის თეატრებმა, სადაც ანშლაგები მხოლოდ პრემიერებზეა, ისიც არა ყოველთვის, ათმაგად უნდა იზრუნონ ახალგაზრდების თეატრში მოყვანაზე და არა მხოლოდ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს, ან თეატრალური, ქორეოგრაფიული სასწავლებლისა თუ კონსერვატორიის სტუდენტებს უნდა ეხებოდეთ გარკვეული შეღავათები. ფასდაკლებების უფრო კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, ვიდრე ოპერის თეატრის მიერ შეთავაზებული სააბონიმენტო სპექტაკლებია. მახსოვს, როგორ წუხდებოდნენ ხოლმე დაბალი კლასის მოსწავლეები აიდას მოსმენისას თუ რომეო და ჯულიეტას ყურებისას ( აქაც, უფრო მოსმენისას )!
ამ ყველაფერზე დაუსრულებლად შეიძლება წერა და პრობლემებიც გაცილებით მეტია, ვიდრე აქ მოყვანილ მაგალითებში ჩანს. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღესაც თეატრში მისულს, დარბაზში ბევრი ხალხის დანახვა გამიხარდება და სულაც არ შემეშინდება იმის, რომ ეს ადამიანები წარმოდგენის ყურებაში ხელს შემიშლიან.

Monday, June 21, 2010

ვერონა და ჯესიკო ცინცინატიდან

ჯესიკოთი რომ მივმართე, საერთოდ არ გაუპროტესტებია, ის კი არა, ეამა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია. უბრალოდ, ნახევრად კმაყოფილმა წამოიბურტყუნა:
–It's like Jessica!– და გულიანად გადაიროხროხა!
თავისებურად ვუყვარდი ჯესის: ექვს თვეში ლამის მთელი ევროპა შემოიარა,ყოველი მოგზაურობის შემდეგ ახალი ფოტოებით მაკითხავდა ხოლმე ოთახში და მათვალიერებინებდა, პიცერიებსა და სპაგეტერიებში მთხოვდა წაყოლას, მელაპარაკებოდა თავისი პროფესიის უპერსპექტივობასა და იტალიური ენის სირთულეებზე. კარგი ბავშვი იყო, მოკლედ. ძალიან მაღალი და დიდი ბავშვი. ამერიკულ ფეხბურთს ვთამაშობო, – მითხრა. მე წარმოდგენა არა მაქვს, რა არის ამერიკული ფეხბურთი, რაღაც მორაგბო ელემენტი უნდა იყოს.
ამერიკაში რომ დაბრუნდა, ორი გულდამწვარი წერილი მოიწერა, თუ როგორ ენატრებოდა იტალია და მერე კარგა ხანს აღარ შემხმიანებია, სანამ საერთო მეგობრისგან არ გაიგო, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში მივდიოდი სამოგზაუროდ.
აი, აქ კი რა გული მოუთმენდა, არ მოეწერა, ჯესის, დიდ მოგზაურს!
"გავიგე ჩრდილოეთის მონახულებას აპირებ, პადოვაც, ვერონაცა და მილანიც კარგი ქალაქებია. ჯერ შევჩერდეთ ვერონაზე. ამ ქალაქში მე ყველაფერი მომეწონა, ჯულიეტას სახლის გარდა, ეს სახლი სუფთა კომერციული პროექტია. ჯულიეტა ინგლისელი მწერლის, შექსპირის რომანის პერსონაჟია..." და ამას მოჰყვა რომეოსა და ჯულიეტაზე დაწერილი "რომანის" მოკლე შინაარსი და ანალიზი.
მოკლედ,ძნელი მისახვედრი სულაც არ იქნება, იმ დღეს რომ ბევრი, ძალიან ბევრი ვიცინე .
რამოდენიმე დღეში ჩავაღწიე ვერონაში და მართლაც, იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის იქაურობა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ეს არის ქალაქი დიდი მდინარით, გამჭვირვალე ჰაერითა და მოკირწყლული ქუჩებით. წარმოუდგენლად მომინდა იქ ცხოვრება.
სულ ორ დღეს გავჩერდი და ჯულიეტას სახლს მხოლოდ გარედან შევავლე თვალი. დრო არ მქონდა და გულიც აღარ დამწყდა, ჯესიმ ხომ მითხრა, რომ სუფთა კომერციული პროექტია!
სამაგიეროდ, სახლის შესასვლელის კედლებზე ბევრი ფოტო გადავუღე სრულიად არაკომერციულ წარწერებს, შეყვარებულები რომ აჩხაპნიან იქ მისვლისას.

რომი. გევორქი

–შემოდი, გევორქ, შემოდი. ახლა მარჯვნივ, კიდევ, კიდევ, ახალა აიხედე!

გევორქი ბოჩოლასავით მომდევდა დერეფნებში და ყოველ ახალ დარბაზში შესვლისას მეკითხებოდა, – ესაა?

–არა, წამოდი, ეს არ არის.

მერე ისიც ახედავდა ხოლმე ისრებს და მეთანხმბოდა, – ეს არ არის, მართალი ხარ.

ეს დარბაზი კი ნამდვილად ის იყო, აიხედა თუ არა, პირის მოკუმვა იმდენი ხნით ვერ მოახერხა, რომ მიქელქნჯელო ვის ახსოვდა, ფოტოაპარატს დავუწყე ქექვა, ასეთ კადრს ხელიდან ვერ გავუშვებ მეთქი. დაცვის წევრმაც არ დააყოვნა და დამჭექა: არავითარი ფოტოები, თქვენ ალბა ისიც არ იცით, რომ ტაძარში ხართ, არა?! ჩანთაში ჩავაგდე აპარატი და გაბრაზებულმა კარგა ხანს არ ავხედე ფრესკებს, – ადამის შექმნა არა ის! რეპროდუქციებში მაგის მეტი რა მინახავს!

გევორქი 21 წლის ასაკში უკვე წარმატებით ასწავლიდა ზოოლოგიას ერევნის აგრარულ უნივერსიტეტში, კავკასიელ სტუდენტებშიც ყველაზე ყოჩაღი და დაუზარელი გამოდგა, ამიტომ, სულ არ გაემტყუნებოდა, სიქსტის კაპელის რაობაზე მიახლოებითი წარმოდგენაც კი რომ არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ზუსტად იცოდა, რომ ვატიკანში ასეთი რამ არსებობს და მის უნახავად არ ეგებოდა სამშობლოში დაბრუნება. გამგზავრებამდე სულ ერთი კვირით ადრე მთხოვა, მუზეუმში გავყოლოდი, ისეთ მყრალ ხასიათზე იყო, აღარც რომის სილამაზე აღელვებდა და აღარც ელვინა მაკარიანის სიმღერები ერევანზე. კაპელაში, სამლოცველოს ბოლოში მდებარე მერხები განთავისუფლდა და ჩამოვსხედით თუ არა, მითხრა:

– ერევანში რომ ჩამოხვალ, მაგარ ხოროვაწს გაჭმევ. ხომ გითხარი, მამაჩემი მაგრად ამზადებს.


რომი. პაოლო

ბინა იმიტომ შევიცვალე, რომ წინა უბანში კარგი ბარი ვერ ვიპოვე, სადაც შემეძლო დილაობით ნორმალურად მესაუზმაო, – განმიცხადა კრემიანი კრუასანით პირგამოტენილმა პაოლომ.
პაოლოს წინა ღამეს დავურეკე, ფრიად მრავლისმთქმელი ადგილიდან– ვატიკანის მიმდებარე ხიდსა და გვირაბს შორის ჩამომდგარმა.
ხიდამდე,
ხიდამდე კი ოპერის თეატრის სარკეებიან ბუფეტში პროსეკოთი ხელში ვესაუბრებოდი ძალიან კარგ ადამიანს ნურიევისა და კარლა ფრაჩის დუეტებზე და სასმელი ლამის გადამცდა ყელში, პარიზში რომ დამპატიჟეს სპექტაკლზე, – შანზ ელიზეს თეატრში დიაგილევის იუბილესთან დაკავშირებით პრემიერა გვაქვს და ჩამობრძანდით, გეპატიჟებითო.
პარიზი კი არა, რომიდან გამასწრო მატარებელმა. სადგურზე ენაგადმოგდებული მივვარდი და 2 წუთის გასული დამხვდა. ეს ამბავი ისე შეიცხადეს იქ მყოფმა ჩინელმა და ინდონეზიელმა მოსამსახურე ქალებმა, რომ მართლა შევშინდი. ჯერ ნაცნობ სასტუმროებში გადავრეკე, მერე სადღაც დედების თავშესაფარში გამიშვეს, ექნებათ ადგილი და უსაფრთხოაო, მაგრამ რად გინდა, მონაზვნებმა რატომღაც კარი არ გამიღეს. ჰოდა, მეც მეტი აღარ მიძებნია, პირდაპირ პაოლოს გადავურეკე, ერთი წლის უნახავსა და არც თუ ახლო მეგობარს, რომში ვარ და ერთი ღამე შენს სამზარეულოში გამატარებინე მეთქი. კიო, ოღონდ უნდა დამელოდო, ფლორენციიდან მოვდივარ მანქანით, ჩემი პირველი გოგოს ქორწილიდანო და რა მექნა, ველოდებოდი სტრატეგიულ ხიდზე და თან მზაფრავდა.
ის ღამე პაოლომ გაატარა სამზარეულოში, წითელი ჯვრის ორგანიზაციის საძილე ტომარაში. ისეთი დაღლილი და სევდიანი იყო, ჩემი თავი და ნერვი სულ არ ჰქონდა, მაგრამ თავის ადამიანურ პრინციპებს არამც თუ უღალატა, ჯერ თეთრეული გამომიცვალა, მერე ახალი პირსახოცი და კბილის ჯაგრისი მომცა, იტალიურ ქორწილებზე მელაპარაკა, ღამემშვიდობისა მისურვა და სამზარეულოში გაიძურწა.
დილას 8 საათზე უკვე ბარში ვსაუზმობდით. იმ ღამეს ინტერნეტით არც თუ სასიამოვნო ამბები შევიტყე და ხასიათი მქონდა წამხდარი. მას კიდევ, აშკარად გვერდები სტკიოდა იატაკზე წოლისგან. ბარიც დიდი ვერაფერი, პაოლოსგან განსხვავებით, დიდად ვერ მოვიხიბლე ბერვი ხალხითა და ცივი კაპუჩნოთი.
მას მერე რატომღაც ერთმანეთი აღარ გვინახავს. იმ საღამოს წერილობით მადლობა გადავუხადე, მანაც მითხრა, რომ აუცილებლად ჩამომიაკითხავდა და დამხედავდა. სულ ეს იყო.
სულ ეს ვიყავი.