Friday, April 20, 2012

კაროლინა როტოვსკა არის წითელთმიანი და შეშლილსახიანი ალქაჯი,
ცისფერ თვალებს რომ ავადმყოფურად აბრიალებს სულ.
ბინაში რომ შემოგვისახლეს, გამოგვეცხადა წითელი თმით, წითელი კაბითა და წითელი შლაპით.
იტალიური საერთოდ არ იცოდა, ინგლისური ჩემზე უარესად და მიუხედავად ამისა, და იმისაც, რომ თავიდან მისი ცოტათი მეშინოდა,
მოვახერხეთ და დავმეგობრდითსავით.
დავმეგობრდით იმ დღეს, სპოლეტოში რომ მარტო წავიდა და დაბრუნებულმა სამზარეულოში მომახსენა, რომ იქ გამჭვირვალეფრთებიანი მთავარანგელოზის სანახავად წავიდა და ნივთმტკიცებებად ათიოდ ბარათი და გაიდბუქი გადმომილაგა. აღტკინებისგან ხელებს ისე იქნევდა, სულ აღარ გამკვირვებია მისი ხარების სიუჟეტები, გაოგნებული იმას ვფიქრობდი, ღმერთო, ეს მომაშორე, მაცალოს ჭამა მეთქი.
ხანდახან ენაში ვამეცადინებდი და უხაროდა, ის თავის ლეპტოპს მითმობდა ხოლმე და მეც მიხაროდა.
პოეზიასა და მუსიკაზე მელაპარაკებოდა. იმ ლექსებზე, რომელიც მის პოეტ მეგობარს, პიოტრს უყვარდა: "პიოტრს უყვარს უნგარეტი და მიუხედავად იმისა, რომ იტალიური არ იცის, ხშირად უსმენს ორიგინალში, რომ უკეთ იგრძნოს", უნდა ვუყიდოო, -ამბობდა. კიდევ ლორკა უყვარსო და პირველად იტალიაში რომ ჩამოვედით, სპოლეტოს მთავარ მოედანზე ზურგჩანთა გახსნა და ფორთოხლები მაჩუქაო. ძალიან უყვარდა ფორთოხლების ამბის მოყოლა, სულ სახე უნათდებოდა: ცოლად არა მგონია, შემირთოს, მაგრამ ის ფორთოხლები კარგად გამოუვიდაო.
მერე მისი და პიოტრის იტალიური ფოტოები მანახა და მხოლოდ სურათების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სულ არ ყოფილა კაროლინა შეშლილი და ულამაზო.
ტიპი იყო რა,
ჩემ მეგობარ უკრაინელ დიმას ყოველ მოსვლაზე ამ სიმღერას ურთავდა და ხმას მთელი ძალით აყოლებდა
http://www.youtube.com/watch?v=Zxj9tZCqyU8
ისიც ყოველ ჯერზე გაოგნებული სახით უყურებდა და თვალებით მეხვეწებოდა, ეს აქედან მომაშორეო.
მე მესმოდა დიმასი.

No comments:

Post a Comment